სოდმა ~გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტი ეჭვმიტანილებთან ერთად დააკავა


ეთერ თურაძე, გაზეთ ბათუმელების მთავარი რედაქტორი

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია აზრის გამოხატვაში. ასევე ნებისმიერს, და მათ შორის მეც, აქვს უფლება სუბიექტური შეხედულება იქონიოს ნებისმიერ საკითხზე. ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური შეხედულება ზუსტად ემთხვევა გერმანიაში პროტესტანტი მღვდლის, მარტინ ნიმოელერის ცნობილ გამონათქვამს, რომელიც ნაციზმის რეჟიმმა დააკავა:
„როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ კომუნისტი.
როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ პროფკავშირელი.
როდესაც წაიყვანეს ებრაელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ ებრაელი.
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ...
შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო...“
23 იანვარს, სანამ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ხალხს სხვა საკითხებთან ერთად იმაზე ელაპარაკებოდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება, სატელეფონო ზარი მქონდა. ჩვენი გაზეთის ჟურნალისტი, ნათია როყვა ხმამაღალი საუბრის და ყვირილის ფონზე მეუბნებოდა, რომ ის სოდმა დააკავა. 
ალბათ ნაკლებად საინტერესოა, ამ ზარის შემდეგ ჩემი ემოციები და კიდევ ის თუ გზაში მიმავალი როგორ დავუკავშირდი სოდის უფროსს აჭარაში, როგორ ამიხსნა გოგიტა კახიძემ, რომ არავინ ჰყავთ დაკავებული და რომ მუშაობაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ, რადგანაც ისინი `დამნაშავეებს ებრძვიან~.
`გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტი `დამნაშავედ~ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოაცხადეს. ნათია როყვა: `საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯექი, როცა დავინახე, რომ ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ნიღბიანი პირები ნივთებს ისროდნენ ქუჩაში. ტრანსპორტიდან ჩამოვედი და ქუჩის მეორე მხრიდან ფოტოების გადაღება დავიწყე~. 
მერე ჟურნალისტთან სოდის თანამშრომლები მივიდნენ და ფოტოების წაშლა მოსთხოვეს, ჯერ თავაზიანად. უარის მიღების შემდეგ შეიგინეს და დაემუქრნენ კიდეც _ საკანში გამოკეტვით. მერე ჟურნალისტი ნების საწინააღმდეგოდ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს...
აქამდეც გვქონდა შემთხვევები, როცა `სოდი~ ჩვენს ჟურნალისტებს და როგორც ახლა გავარკვიე, ჩვენს კოლეგებსაც, უკრძალავს `სპეცოპერაციის~ დაფიქსირებას. 
თუმცა, ნათიამ ამ შემთხვევაში არამარტო ფოტოები შეინარჩუნა, არამედ აუდიო ჩანაწერიც გააკეთა. `გოგო, რით ვერ გაიგე, ქუჩა საჯარო ადგილი იქამდეა, სანამ სპეცოპერაცია არ ტარდება~; `რაც არ გეკითხება, იმაში ნუ ერევი, ვინ მოგცა უფლება~; `არ მაინტერესებს შენი ჟურნალისტობა...~; `საკანში გამოგკეტავ...~ შენნაირი ჟურნალისტების დასასჯელად კანონი პირდაპირ მოქმედებს...~  
ნამდვილად არ ვიცი `სოდის~ თანამშრომლები რომელი კანონით იმუქრებოდნენ. პირიქით, საქართველოში ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონი ნებისმიერ სიტუაციაში აძლევს ჟურნალისტს მუშაობის უფლებას.
2004 წლის `აჭარის ვარდების რევოლუციიდან~ დღემდე პროკურატურაში რამდენიმე საქმეა ჩვენი რედაქციის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის, მუშაობაში ხელის შეშლის, ტექნიკის განადგურების და ასე შემდეგ ფაქტებზე. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამჯერად, პროკურატურას `გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტის, ნათია როყვას უკანონო დაკავების გამოძიების თხოვნით მივმართავთ...
ახლა კი იმაზე, რის გამოც ამ ყველაფრის დაწერა კიდევ ერთხელ გადავწყვიტე. ბათუმში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა იმ ადგილზე, სადაც ნათია დააკავეს. მათ შორის იყვნენ იურისტებიც. იურისტებმა და ჩვენც, ვცადეთ იმ კორპუსის მცხოვრებლებს გავსაუბრებოდით, სადაც სოდი სპეცოპერაციას ატარებდა და ეჭვმიტანილებთან ერთად ჟურნალისტიც დააკავა. 
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მთელი კორპუსი ეზოში იყო გამოფენილი. ყველას ვკითხეთ, დაინახეს თუ არა პოლიციელებმა ნათია როყვა (მას ფიზიკურად ვაჩვენებდით) მანქანაში რომ ჩასვეს. პირად საუბარში რამდენიმემ თქვა, რომ დაინახა. თუმცა, როცა მათ ამ ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება ვთხოვეთ, ყველამ უარი განაცხადა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმაც.
ეს ამბავი მოულოდნელი იყო-მეთქი ვერ ვიტყვი. მსგავსი რამ მარტინ ნიმოელერის ეპოქაშიც ხდებოდა და, ბუნებრივია, ჩვენ დროშიც ხდება.