"მაშინ ყველა დასაჭერია"

пятница, 1 мая 2009 г.



"ესე იგი, ფანჯრიდან რომ დაინახო საეჭვო რამ, თუ არ აცნობე პატრულს, ცუდადაა შენი საქმე? გამოდის, ამ მიზეზით ნებისმიერი ადამიანის დაკავება შეიძლება და პატრონიც არავინაა... ხომ შეიძლება შეგითითხნონ, თითქოს რამე მოხდა და რომ არ შეატყობინე, ციხეში გაგიშვან? ფაქტის შეთითხნას რა უნდა... დამტკიცება იმისა, რომ შენ გაიგონე ან დაინახე რაღაც, ადვილია: ეგრევე წაგიყენებენ პირში ანონიმურ მოწმეს. ვერც გაიგებ ვინაა... ნუთუ გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ მუდმივად საკუთარი ალიბის შექმნით იყო დაკავებული?..." _ თბილისის ფორუმზე კოდექსის ერთ-ერთ მუხლს აქტიურად განიხილავდნენ. 

ნათია როყვა

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე და 376-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ის რაიმე დანაშაულზე ფლობს ინფორმაციას, მაგრამ ამ ინფორმაციას პოლიციას არ აწვდის, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.  
ბათუმის სასამართლოს მოსამართლემ გასულ კვირას სწორედ ამ მუხლით აღძრული საქმის განხილვა დაიწყო: 18 წლის გ.ჩ.-ს დაპატიმრების ბრძანება იმის გამო გასცეს, რომ მან დაინახა ჭავჭავაძის ქუჩაზე როგორ ჩხუბობდა ორი ადამიანი, მივიდა შემთხვევის ადგილზე და მათი გაშველება დაიწყო. ბრალდების მიხედვით, განსასჯელებისა და დაზარალებულის (ანუ მოჩხუბარი მხარეების) ჩვენების საფუძველზე დადგინდა, რომ 18 წლის ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იქვე იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ იმიტომ აღიძრა, რომ მან სამართალდამცავებს ჩხუბის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. 
`კაი რააა... რაც არ უნდა იყოს, დანაშაულის შესახებ რომ იცი, უნდა თქვა. დანაშაულის დაფარვა იგივე დანაშაულია და შენც თანამზრახველი გამოდიხარ, მორჩა და გათავდა!~ _ ეს ფრაზაც თბილისის ფორუმზე გამართული დისკუსიიდანაა აღებული.
`ბათუმელების~ მიერ ქუჩაში გამოკითხულ შვიდ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანს კი სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლზე არაფერი სმენია. კანონის ამ მოთხოვნის განმარტების შემდეგ შეფასება რამდენიმე მოქალაქემ გააკეთა.
19 წლის ბექა: `კაცობა და დასმენა ერთმანეთისგან განსხვავდება. დანაშაულის შესახებ საპატრულში დარეკვა შპიონობა და არაკაცობაა~. 
58 წლის გურამ დადიანი: `მაშინ მთელი საქართველო დასაჭერია, ყველა რაღაცას მალავს. მთავრობის ხალხიც ხომ გვიმალავს იმას, რაც ქვეყანაში ხდება? ჟურნალისტებიც იტყუებიან ხანდახან. თუ ინფორმაციის დამალვა სასჯელს ითვალისწინებს, მაშინ ეს კანონი მარტო გაჭირვებულ კაცზე კი არა, ყველაზე უნდა მოქმედებდეს. ჩვენთან კანონი ვიღაცისთვის არსებობს და ვიღაცისთვის _ არა~. 
28 წლის გიორგი მექვაბიშვილი, დისტრიბუტორი: `არა მგონია, რომ მსგავსი ქმედება დანაშაულად ითვლებოდეს, მე ამის შესახებ არ მსმენია~. 
გიორგის მსგავსად ამ კანონის შესახებ არაფერი გაუგიათ მაია ცივაძესა და მის მეგობრებს. მათ უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრეს.  
კანონში კი აი რა წერია: დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად _ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 
მაგალითად, თუ ადამიანი შეესწრო მაღაზიის გაქურდვის ფაქტს და შემთხვევის ადგილი ისე დატოვა, რომ იგი არავის დაუფიქსირებია, მაშინ მას ბრალს ვერ წაუყენებენ ინფორმაციის არმიწოდების გამო, მაგრამ თუ ადამიანი შემჩნეულ იქნა ვინმესგან ან ვიდეოკამერის მეშვეობით დაფიქსირდა მისი დანაშაულის ადგილზე ყოფნა, იგი აუცილებლად დაიკითხება მოწმის სახით. მოწმე კი ვალდებულია მისცეს სწორი ჩვენება. თუ მოწმემ იცრუა და ეს დადგინდა ვიდეომასალით, მაშინ მას ცრუ ჩვენებისა და ინფორმაციის დაფარვისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. 
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მომუშავე პასუხისმგებელი პირი.
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



2 коммент.:

ნან комментирует...

ნათ, ბლოგერობას გილოცავ საყვარელო :))

ნათია როყვა комментирует...

მადლობა ნან:)