უმართავი სასწავლო პროცესი

пятница, 1 мая 2009 г.


მათე ტაკიძე მოსწავლეებისა და პედაგოგების ბრალდებას უარყოფს
მოსწავლეებისა და პედაგოგების პროტესტი


აჭყვისთავის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პედაგოგები მასწავლებლის ცემაში ადანაშაულებენ. სასწავლო ნაწილის გამგემ დახმარება ჯერ აჭარის განათლების სამინისტროს სთხოვა, შემდეგ გაზეთის საშუალებით პრეზიდენტს მიმართა, უმართავი სასწავლო პროცესის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით პრაღაში, რადიო `თავისუფლების~ ხელმძღვანელებსაც კი აცნობა. 

~გაზეთ ბათუმელებისა~ და რადიო `თავისუფლების~ ჟურნალისტებმა ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, როცა ამ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, ნანი ჯაფარიძის მეშვეობით გავიგეთ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია. ჩვენი იქ ყოფნის დროს სკოლაში განათლების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძეც მივიდა. 
როგორც პედაგოგები ამტკიცებენ, აჭარის განათლების მინისტრმა, უმართავი სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია პედაგოგებისგან წერილობით, რამდენიმე თვის წინ მიიღო. წერილობით ან პირად საუბარში პედაგოგებისგან მსგავსი ინფორმაციის მიღებას მათე ტაკიძე უარყოფს. მინისტრით უკმაყოფილონი არიან მოსწავლეებიც: `როცა მინისტრი ჩვენთან იყო, საშუალება არ მოგვეცა, მას დავლაპარაკებოდით~. მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში მისულ მინისტრთან სკოლის პრობლემებზე უნდოდათ საუბარი. 
მოსწავლეები, რომლებიც ასევე ორ ბანაკად არიან გაყოფილი, ნორმალურ სასწავლო პროცესს ითხოვენ. `მასწავლებლების ნაწილი პირველ სართულზე იკრიბება, ნაწილი _ მეორეზე. გვინდა, რომ ისინი ერთ სამასწავლებლოში იკრიბებოდნენ~, _ ამბობს სოფო მემარნე. 
`ერთ-ერთმა მასწავლებელმა გაკვეთილზე ყურანი შემოიტანა და დაიფიცა, რომ ის მართალია~, _ ყვებიან მოსწავლეები. 
მოსწავლეები იმ პედაგოგების დასახელებისგან თავს იკავებენ, ვინც სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვას უქმნის პრობლემას. `მუქარები ჩვენზეცაა, სკოლიდან გარიცხვით გვაშინებენ~, _ ამბობენ მე-11-კლასელები.
მოსწავლეთა უმრავლესობა, ყველაზე კატეგორიულად კი თამუნა რომანაძე, სკოლაში ნეიტრალურ დირექტორს ითხოვს.  

მოსწავლეები და პედაგოგები
კონფლიქტის პერიოდში, სკოლის დირექტორი გივი ხახუტაიშვილი გარდაიცვალა. დირექტორის მეუღლეს, ნატო მოისწრაფიშვილს საუბარი უჭირს, მაგრამ იმას, რომ დირექტორს სასწავლო ნაწილის გამგესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ადასტურებს. ნატო მოისწრაფიშვილი: `გარდაცვალებამდე მეუღლემ მითხრა, რომ მის კაბინეტში, კომპიუტერის გამო, ინგრეოდა ყველაფერი. ადამიანს ნერვიულობისგან გული გაუსკდა~. 
აჭყვისთავის სკოლაში, როგორც მასწავლებლები ამბობენ, `არასახარბიელო~ მდგომარეობა წლებია გრძელდება. თუმცა, კულმინაცია პრეზიდენტის საჩუქარს უკავშირდება. პრეზიდენტის საჩუქარი _ კომპიუტერი, წარჩინებულ და, ამასთან, სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ეკუთვნოდა. სასწავლო ნაწილის გამგე, ნანი ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ სწორედ ეს საჩუქარი გაიცა უსამართლოდ: `კომპიუტერი იმას უნდა მიეღო, ვისაც ათბალიანი შეფასება ჰქონდა, დირექტორმა იგი მესამეკლასელს გადასცა. ამ კლასში კი ათბალიანი შეფასება საერთოდ არ იყო დაწერილი~.  
და ისევ ნანი ჯაფარიძე: `გარდაცვალებამდე დირექტორს ვკითხე, რა კრიტერიუმებით გასცა კომპიუტერი და ამის შესახებ მე, სასწავლო ნაწილმა რატომ არ ვიცოდი~. 
ნანი ჯაფარიძე დირექტორთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ სკოლაში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი გარდაიცვალა: `მაშინ სკოლაში `ხახუტაიშვილების ბრბო~ შემოიჭრა და მის გარდაცვალებაში დამადანაშაულეს. მე არასახარბიელო ურთიერთობა დირექტორის მეუღლესთან, ნატო მოისწრაფიშვილთან მქონდა~. 
საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა, როგორც თვითონ ამბობს, წერილობით აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა და ითხოვა გამოეძიებიათ, რამდენად ობიექტურად გაიცა კომპიუტერი: `ლამის ადამიანის სიკვდილს მაბრალებენ. მე კი მხოლოდ საქმის შესწავლას ვითხოვდი. აჭარის განათლების მინისტრმა ერთი პატარა ინციდენტის მოგვარებაც კი ვერ შეძლო. ძნელია, როცა მინისტრს ხვდები და შენს გასანადგურებლად მომზადებულ თვალებს ხედავ~. 
ნანი ჯაფარიძე, ამის მიზეზად, მის ოპოზიციონერობას ასახელებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგი ბადრი პატარკაციშვილის შტაბში მუშაობდა და მისი სურათი, სკოლაში დღესაც სამუშაო მაგიდაზე უდევს. 
პედაგოგი მარინა ცნობილაძე: სკოლაში დაძაბულობა ათი წელია გრძელდება, `სასწავლო ნაწილის გამგე კონფლიქტურია. კომპიუტერი მიზეზია, იგი სამართლიანად გადაეცა მოსწავლეს~.
ინკოგნიტო პედაგოგი (ვინაობის დასახელება არ ისურვა): `ჟურნალისტებიც ერთი მხარის წამომადგენელი ხართ, ეს დადგმული მასკარადია~. 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მას პედაგოგის ცემაში რამდენიმე მასწავლებელი ადანაშაულებს. პედაგოგი ამირან რომანაძე ირწმუნება, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ რომანაძემ, 12 იანვარს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამირან რომანაძე პროფკავშირის თავმჯდომარეცაა. ამირან რომანაძე: `როცა ავთანდილ რომანაძემ სასწავლო ნაწილის გამგეს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, მე ის დავიცავი~.
ავთანდილ რომანაძე პედაგოგის ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ `სამართალდამცავებმა საქმის ძიება დაიწყეს და ეს საქმე უკვე დაიხურა~. 
დასახმარებლად `ნაცემმა პედაგოგმაც~ აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა. `პედაგოგს აინურშიაც არ აგდებენ, ესაა აჭარული დემოკრატია~, _ აცხადებს სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც სკოლაში უმართავი სასწავლო პროცესის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას კვლავაც ითხოვს. მისი მტკიცებით, უკვე წლებია სკოლაში გაკვეთილები არ ტარდება. 
ავთანდილ რომანაძე კი ამბობს, რომ მან ნანი ჯაფარიძეს მართლა შესთავაზა თანამდებობის დატოვება, მაგრამ უარყოფს, რომ ეს აჭარის განათლების მინისტრმა დაავალა. რომანაძე დასძენს, რომ ნანი ჯაფარიძეს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ამ დღეებში ჩააბარებს.