თმის ხნა თუ მარიხუანა

пятница, 1 мая 2009 г.


ექსპერტების განსხვავებული დასკვნა

სოდ-მა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმიდან თბილისში მიმავალი ერაყის მოქალაქე, 32 წლის ბიზნესმენი თალალ ალ აზი მუჰამედი `ბენზეს~ გზატკეცილზე დააკავა. ბრალდების მიხედვით, ეჭვმიტანილისგან ამოღებულია 13.9 გრამი მცენარეული მასა _ თმის ხნა, რომელიც მარიხუანას შეიცავს. დაკავებული გირაოს, ასი ათასი ლარის საფასურად, წინასწარი პატიმრობიდან სამ დღეში გაათავისუფლეს.


ნივთიერებას, რომელიც ბრალდებულის ჩანთიდან ამოიღეს, სამი ექსპერტიზა ჩაუტარდა, აქედან ორი ამტკიცებს, რომ ამოღებული ნივთიერება მარიხუანას არ შეიცავს. აჭარის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკური განყოფილების ექსპერტის, შორენა მუხაშავრიას დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ეს მასა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანაა. ეჭვმიტანილი სწორედ ამის საფუძველზე იქნა პასუხისგებაში მიცემული. 
განსასჯელს მიაჩნია, რომ იგი უდანაშაულოა და ის თმის საღებავის გამო ცნეს ბრალდებულად. ეჭვმიტანილის განმარტებით, ხნას არაბულ სამყაროში მამაკაცები თმის შესაღებად იყენებენ, რადგან იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმის ხარისხს. 
თალალ ალ აზი მუჰამედი: `2006 წლის 6 აგვისტოს პოლიციელებმა გამაჩერეს და მითხრეს, რომ უნდა შევემოწმებინე. მათ შეამოწმეს მანქანა და მკითხეს ჩანთაზე, ჩემი თუ იყო. ჩანთიდან ამოიღეს ხნა, რომელსაც თმის შესაღებად ვიყენებ. ფიქრობენ, რომ ნარკოტიკია. 
დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველმა ექსპერტიზამ არასწორი დასკვნა დადო. სხვა ექსპერტიზა ამიტომაც ჩავატარებინე. და მართლაც დადასტურდა, რომ ეს ნივთიერება ნარკოტიკი არაა. 
საპროცესო შეთანხმებას არ გავაფორმებ, რისთვის გადავიხადო 100 ათასი ლარი, დამნაშავე არ ვარ. ასე მგონია, ამ საქმით ვიღაც დაინტერესებულია. ჩვენ სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანიები გვაქვს საქართველოში~.
მეორადი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად (წარმოდგენილი მასა არ შეიცავს მარიხუანას), საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაინც გადაეგზავნა.
მოსამართლე როინ კახიძე საქმეს 2008 წლიდან განიხილავდა. სასამართლო გამოძიების დროს ადვოკატის მოთხოვნით დაინიშნა მესამე ექსპერტიზა. კომისიური ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ჩაატარეს, წამყვანი ქიმიკოსების მონაწილეობით. ექსპერტიზამ ამოღებულ ნივთიერებაში მარიხუანას არსებობა არც ამჯერად დაადასტურა.
ადვოკატ ედიშერ მახარაძის თქმით, მოსამართლე როინ კახიძემ მესამე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ `ოჯახური მდგომარეობის გამო პროცესი ერთხელ გადადო, მერე კი დასრულებული საქმე სასამართლოს თავმჯდომარეს ჯემალ კიკნაძეს გადააწერა, რაც ძალიან საეჭვოა. ჯემალ კიკნაძე ქობულეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გადაჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ისევ სხვას უნდა გადაეწეროს. ანუ სასამართლოს უჭირს საქმის შეწყვეტა, მაგრამ ამ საქმეზე ან გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს, ან ძიება შეწყდეს~.
ედიშერ მახარაძის ინფორაციით, ბრალდებულის უფლებები ექსპერტიზის ჩატარების დროსაც დაირღვა: `თალალს უნდოდა ექსპერტიზას დასწრებოდნენ თვითონ და ის პირებიც, ვისი მონაწილეობითაც დაილუქა ნივთმტკიცებულება. ამაზე მას უარი არ მიუღია, მაგრამ ექსპერტიზას მაინც არ დაასწრეს~. 
რამდენად მოსალოდნელია, რომ ეჭვმიტანილის გამართლების შემთხვევაში დადგეს ამ კონკრეტული ექსპერტის, შორენა მუხაშავრიას პასუხისმგებლობის საკითხი? ედიშერ მახარაძე: `მაშინ უნდა დამტკიცდეს, რომ ექსპერტმა განზრახ გასცა ყალბი დასკვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებია, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ცდომილება. თუ ექსპერტმა განზრახ გასცა ყალბი დასკვნა, ეს სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხია, რაზეც მტკიცებულებაა საჭირო. ასევე დანაშაულია სამსახურებრივი დაუდევრობა~. 
მუჰამედის მიერ გადასახდელი გირაოს თანხა თავდაპირველად 50 ათასი ლარით თუმცა მოგვიანებით თანხა 100 ათას ლარამდე გაზარდეს.
ერაყელი ბიზნესმენის საქმის გამოძიების ზედამხედველი, აჭარის პროკურატურის პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილია.