ახალსოფლის მოსახლეობა მგზავრობის სიძვირეზე ჩივის. ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას სოფელი რაში გამოიყენებს, ჯერჯერობით, გაურკვეველია, რადგან ამ ფულის გახარჯვაზე სოფელში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს მიაჩნია, რომ ამ ფულით სოფლის ცენტრში, წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარდეს ან გზა უნდა გაკეთდეს, ზოგიც თანხის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განაწილებას ითხოვს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე ე.წ. `სოფლის ბირჟაა~. გადაჭრილ ხის მორზე უხუცესები სხედან. ერთი თუთუნს ახვევს, მეორე ჩემს დანახვაზე საუბარს წყვეტს. ულვაშებიანი, სამოცდაათწელს მიტანებული მამაკაცი იქ მყოფებს მაცნობს: `ეს ყოფილი ბუღალტერია, ეს აგრონომად მუშაობდა...~
შოთა ტეტემაძე საუბარს კითხვის დასმის გარეშე იწყებს: `ვენაცვალე სააკაშვილს. ამბობენ, პურის ფქვილს მოგვცემსო, აზოტი მოგვცა. ხვნა-თესვისას ერთი კალისტრა სალიარიც რომ გვაჩუქოს, მეტი რაღა გვინდა? ახლის ხელში უარესი იქნება. 80-ლარამდე პენსია მაქვს, არ მყოფნის, მარა უნდა ვიყოფინო. თვეში 25 ლარის თუთუნი მჭირდება, ხუთი მანათის ქახალდი, გედი-გამოდი ქალაქში და დამთავრდა პენსიაც. 76 წლის კაცი ვარ და ჯერ არ მახსოვს, გლახა წევიდეს მთავრობიდან და კაი მევიდეს. ვინცაა, ჩემთვის ის ჯობია, უწინ წიფლის ქერქს ჭამდნენ სოფელში~.
ბატონი შოთა მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ წელს ტონა-ნახევარი მანდარინი გონიოში 17 `კაპიკად~ ჩააბარა. `მერე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტელევიზიით თქვა, რომ ციტრუსი ყველამ კარგად ჩააბარაო. ძირითადი შემოსავლის წყარო ჩაი და ციტრუსია და ორივე მომსპარია~.
კითხვაზე _ რით ირჩენენ ადამიანები თავს ახალსოფელში _ შოთა ტეტემაძე მპასუხობს: `ქალაქში იყიდის პაპიროს, გავა იგერ, დაუმატებს სამ კაპიკს და ასე ვაჭრობს. პურის ფულს კი აკეთებს, მარა ყველა ასე ხომ არ წავა სოფლიდან?~
ოთარ კუცხალიძე 28 წელი ბრიგადირად მუშაობდა: `აგრონომი კაცი ვარ, 300 ტონა ჩაის ვამზადებდი, მარა ახლა ჩაიში ტურა და მგელი მომრავლდა. ტყეში გასვლა და შეშის დამზადება სახიფათოა: რომ მოღამდება, ტურები ეზოში შემოდიან. პირუტყვს ვერ ვდენით გარეთ. ამას წინათ სკოლასთან ცეცხლი გაჩნდა და სამი ტურა დაიწვა.
74 წლის ვარ, სამუშაოს ვეძებ, მარა ასაკოვანს არავინ ასაქმებს. ახლა ბიუჯეტიდან ფულია გამოყოფილი სოფელში, ზოგი ამბობს ცენტრში საპირფარეშო გავაკეთოთო, ზოგი _ წყალი მოვაწესრიგოთო, არადა, ყველაზე მთავარი გზაა~.
`მძღოლი კაცია, ტრაქტორისტი~ _ ასე მაცნობენ მუხო ვარშანიძეს თანასოფლელები: `ორი კვირაა დავდივარ სამსახურის საშოვნელად, მარა არავის უნდა ხნიერი კაცი, რა ვქანა `ვჯდანვარ~ სახლში უმუშევარი~.
შეიძლბა გაგესაუბროთ? _ ვკითხე გვერდით მდგომ შედარებით ახალგაზრდა მამაკაცს: `ალე ვარ შარაძე, ყველაფერი კარგადაა ჩვენთან... ჯერჯერობით, ვსუნთქვათ, 90 პროცენტი დაუსაქმებელია სოფელში. ცოტას დავბარავთ და ეგაა ჩვენი მუშაობა~.
ზებურ ტეტემაძე ახალსოფელში სპორტული დარბაზის ან მოედნის გაკეთებას ითხოვს. `ბავშვებმა ფეხბურთი რომ ითამაშონ, იმის ადგილი არაა სოფელში, არც ქარხანაა, არც ფაბრიკა, ახალგაზრდები თავს ჯოკრის თამაშით ირთობენ. თუ მთავრობამ ნამდვილად გამოყო თანხა, გზას რატომ არ აკეთებენ?~
მთავრობის მიერ სოფლებისთვის თანხის გამოყოფაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც სმენია: `მარტში ასფალტი დაიგებაო, თქვეს. ყველა მაგას ლაპარაკობს, მარა რად გინდა, დამთავრდა მარტი და სადაა გზა~.
სოფლის მცხოვრებთა მთავარი მოთხოვნებია: გზის შეკეთება, სტადიონი ბავშვებისთვის და სამუშაო ადგილები დიდებისთვის.
ახალსოფელში ერთი საჯარო სკოლაა, ამიტომაც ბავშვები ყოველდღიურად სამ-ოთხ კილომეტრს გადიან ფეხით. მე-12 კლასელი თეონა მიქელაძე ამბობს, რომ ზოგჯერ მანქანით, უმეტესად კი ფეხით დადის სკოლაში. იგი წელს აბიტურიენტია. თამილა ბერიძე და ჯუნა მამულაძე მისი თანაკლასელები არიან. თამილა ყვება, რომ მეგობრები ოჯახებში იკრიბებიან და ასე ერთობიან. ჯუნა თხილნარშია გათხოვილი, მაგრამ სკოლაში მაინც დადის, უნდა ატესტატი აიღოს.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იმაზე წუწუნებენ, რომ სკოლისა და მისაღები გამოცდების პროგრამები ერთმანეთს არ ემთხვევა: `თუ მასწავლებელთან არ მოემზადე, ისე მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებ~.
სოფლიდან უკან მომავალმა შევნიშნე, როგორ ხდიდა არაყს მერაბ ფარტენაძე: `ჯერ თუთა, მერე ხურმა, ყურძენის ნარჩენისგან, ანუ ჭაჭისგან ვხდი არაყს~. დიდი შავი ქვაბიდან წვეთობით გადმოდის არაყი, იქვე სახელდახელოდ დადგმულ პატარა მაგიდაზე დალაგებულ არყის ჭიქებში მასპინძელი არაყს ასხამს და სტუმარ-მასპინძლობის სადღეგრძელოს სვამს...
გზაზე კაცი მოდის, მოგროვილი ფიჩხით ხელში. `ამით დილით ცეცხლს შევანთებ~, _ გვიხსნის ის.
ბატონი გივიც ახალსოფელში ცხოვრობს. მის ოჯახს სერიოზული პრობლემა აქვს _მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს: `სახლთან დიდი მეწყერია მომდგარი, მითხრეს წალკაში წადიო. წალკაში როგორ წავიდე. ვცხოვრობთ სახლში, რომლის კედლებიც დაბზარულია, წვიმაში წყალი შემოდის და სახლი იტბორება. პატრონი არ ჰყავს ამ სოფელს, ერთი მანქანა ხრეში რომ ამოიტანო ჭოროხიდან და დაყარო სოფელში, 1000 ლარია ჯარიმა. სხვები ზიდავენ, აი ნახე...~ ხელით მიჩვენებს როგორ იტვირთება მანქანები ჭოროხის ნაპირზე.
სოფელში ამბობენ, რომ ბევრი თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად, ქალების უმეტესობა კი ვაჭრობს. გზად კიდევ ერთი `ბირჟა~ შემხვდა, თურქეთიდან ჩამოტანილ საქონელს ათვალიერებენ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий