ფოტოზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ჯემალ კიკნაძე



_ ბატონო ჯემალ, თქვენი აზრი გვაინტერესებს საპროცესო შეთანხმების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
_ საპროცესო შეთანხმება არის ორი მხარის მიერ დადებული შეთანხმება. ორივე მხარე აცხადებს თუ რაზე თანხმდებიან ისინი ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაძლოა, სასჯელს დაეთანხმოს პიროვნება, მაგრამ არ აღიაროს დანაშაული. ვფიქრობ, ეს კანონმდებლობაში ცოტა ბუნდოვანია. თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, რატომ უნდა იყოს იგი თანახმა სასჯელზე. თუმცა, ეს პრაქტიკაში ხდება.
ერსა და იმავე დანაშაულისთვის შეიძლება ადამიანებს ერთნაირი თანხის გადახდა დაეკისროთ, მაგრამ რომელიმეს არ ჰქონდეს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ესაა პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი იმიტომ ვერ თავისუფლდება სასჯელისგან, რომ თანხას ვერ იხდის.
საპროცესო შეთანხმების დადებითი მხარე ისაა, რომ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს ნაკლები ჯაფა ადგიათ. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა _ ასე წერია საპროცესო კოდექსში, _ საპროცესო შეთანხმების დადებითი მხარეა. თუმცა, არსებითი განხილვის დასრულების შემდეგაც ხშირად გვიწევს საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე. მანამდე ბრალდებულს იმედი აქვს, რომ დანაშაული არ დაუმტკიცდება. 
პიროვნებას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, აღიარებს და ინანიებს თავის საქციელს, შესაძლებელია აღმკვეთ ღონისძიებაზე დაუმტკიცდეს საპროცესო შეთანხმება, არსებითი განხილვის გარეშე. ესაა ძიების გარეშე დასრულებული საქმე, რაც ვფიქრობ, კარგია. მაგალითად, თუ ადამიანმა უკანონოდ საზღვარი გადაკვეთა ან ვინმეს სხეულის დაზიანება მიაყენა, თუნდაც იარაღს ატარებდა უკანონოდ და მან ეს დანაშაული აღიარა, გამოსაძიებელიც არაფერია _ ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი საპროცესო შეთანხმებაა.  
თუ ადამიანი არაა დამნაშავე და იგი მაინც აღიარებს დანაშაულს, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით, ეს თავად პიროვნების ბრალია და არა საპროცესო კანონმდებლობის. 
_ რა შემთხვევაში აქვს მოსამართლეს საპროცესო გარიგებაზე უარის თქმის უფლება?
_ ფაქტობრივად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამბობს უარს: თუ აშკარად სახეზეა პროცესუალური დარღვევები. მაგალითად, საჭირო იყო თარჯიმანი და არ იქნა მოწვეული, ან განსასჯელს არ ჰქონდა გათვიცნობიერებული ბრალი, ან საპროცესო დოკუმენტი არასწორადაა შედგენილი. მსგავსი ტიპის დარღვევა კი სასამართლოში არ ვლინდება. 
_ მოსამართლე ერევა თუ არა იმ თანხის ოდენობის განსაზღვრაში, რისი გადახდაც ბრალდებულს ეკისრება?
_ ადრე სასამართლოს ჰქონდა უფლება, ჯარიმა, მაგალითად, ოთხი ათასი ლარი, ჩამოეყვანა ხუთასამდე. ახლა ამაში სასამართლო შეზღუდულია, ის საპროცესოს იმ ფორმით ამტკიცებს, რა ფორმითაც შედის მასთან შუამდგომლობა. როგორც წესი, საპროცესო შეთანხმება ფორმდება ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულზე. თუმცა, კანონში არც ის წერია, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ეს შესაძლებელი არ არის. საპროცესო კანონმდებლობაში არსად წერია შეზღუდვებზე _ როდის და რატომ არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. 
_ თქვენი აზრით, თუ მოსამართლე სასჯელისგან ათავისუფლებს ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, დანაშაულის გამეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს, მოსამართლე გრძნობს?  
_ ძნელია ამის გარკვევა. რთულია მოსამართლემ თქვას, რომ ესა თუ ის ადამიანი დაბადებულია მკვლელად და ამიტომ არ დაუმტკიცოს საპროცესო შეთანხმება. ვთქვათ, პიროვნებამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული _ მკვლელობა ან ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, რეალიზება. რატომ არ შეიძლება პიროვნებას დაუმტკიცდეს საპროცესო შეთანხმება, თუ ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ამასთან, გამოძიებასთან თანამშრომლობს. მე მიმაჩნია, რომ ამ პიროვნებამ ნაკლები სასჯელი უნდა მიიღოს.

2009 წელი 

28-4 იანვარი– თებერვალი

გაზეთი #2