სპეცოპერაციები და ძალადობა

суббота, 30 мая 2009 г.


ფოტო გადაღებულია სპეცოპერაციის დროს ბათუმში

ფოტო: ნათია როყვას


ასულ წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციამ პირადი ჩხრეკის ჩატარების ნებართვა 3220-ჯერ თხოვა. სასამართლომ პოლიციის ყოველი თხოვნა დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ შარშან პოლიციამ ბათუმში 3220 ეჭვმიტანილი პიროვნება, სახლი თუ ავტომანქანა გაჩხრიკა. 


 ~ბათუმელები~ ე.წ. სპეცოპერაციით დაკავებულ და მოგვიანებით გათავისუფლებულ რამდენიმე ისეთ ადამიანს გაესაუბრა, ვისაც დაკავების დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ადამიანებმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მონაყოლის მიხედვით, ყველა მათგანი ნარკოტიკის გამოყენების, შეძენისა თუ შენახვისთვის პოლიციამ სპეცოპერაციით დააკავა.  
`მე და ჩემი მეგობარი მანქანით სახლში მივდიოდით. წინ ორი მანქანა ჩაგვიდგა, მანქანიდან ნიღბიანებმა გადმოგვათრიეს, დაგვყარეს მიწაზე და ცემა დაგვიწყეს... მინდოდა მეკითხა, რატომ მცემდნენ, მაგრამ ყველა გვირტყამდა და არ ვიცოდი, ვისთვის მეკითხა. მერე შავ ჯიპში ჩაგვყარეს და განყოფილებაში მიგვიყვანეს. იქ რაღაც ფურცელზე ხელის მოწერა დამავალეს და დამპირდნენ, რომ ამის შემდეგ გამიშვებდნენ. ისეთი შეშინებული ვიყავი, დღესაც არ ვიცი, რაზე მოვაწერე ხელი, მაგრამ სახლში მართლა გამომიშვეს~, _ ყვება ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სოდმა ნარკოტიკის გამოყენებაში ბრალდებულთან ერთად რამდენიმე საათით დააკავა. 
`თავი ჰქონდა დაჟეჟილი, ხერხემლის მიდამოები დასიებული, ფეხებზე ალაგ-ალაგ ხორცი ჰქონდა ამოგლეჯილი, დაშანთული გეგონებოდა~, _ იხსენებს ნარკოტიკების მოხმარებაში ბრალდებულის მდგომარეობას ადვოკატი გელა ღოღობერიძე. 
`მეგონა ვკვდებოდი. მერჩივნა, ერთი ტყვია ესროლათ და ყველაფერი დამთავრებულიყო. ასეთი რამ მძაფრსიუჟეტიან ფილმში მქონდა ნანახი, ასე ცხოვრებაში თუ ხდებოდა, ნამდვილად არ წარმომედგინა. არ მესმის, ადამიანი, თუნდაც დამნაშავე, რომელიც იატაკზე წევს და გაქცევას არ ცდილობს, სამართალდამცავებმა რატომ უნდა სცემონ?~ 
`გაუგებარ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ახლობლის ოჯახში სტუმრად ვიყავი, როცა სოდმა კარები შემოამტვრია... ნიღბიანებმა ცემა დაგვიწყეს. იატაკზე დაყრილებს წიხლებით შეგვდგნენ, მე თავში ავტომატის კონდახი მირტყეს...~ 
`ჰაერში ვბზრიალებდი. საშინელებაა, როცა რამდენიმე ადამიანი გამეტებით გირტყამს და შენ ვერაფერს აკეთებ. ფიქრობ, თუ წინააღმდეგობას გაუწევ, მოგკლავენ. სიკვდილის კი ნებისმიერ დროს ეშინია ადამიანს, მით უფრო, გაუგებრობაში მყოფს...~ 

რა შემთხვევაშია დასაშვები ე.წ. სპეცოპერაციის დროს ეჭვმიტანილის ცემა ან სახლში კარების შემტვრევის გზით შესვლა? რა შემთხვევაშია აუცილებელი ნიღბიანი სპეცრაზმის გამოყენება? კანონით რისი უფლება აქვს პოლიციას, ეჭვმიტანილის ან თუნდაც დამნაშავის დაკავების დროს; რისი უფლება აქვს ეჭვმიტანილს, დანაშაულის ჩამდენს.
იურისტი მირიან ქათამაძე:
სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე მუხლი, დამნაშავის შეპყრობისას, მასზე ზიანის მიყენებას, ძალადობას ითვალისწინებს, მაგრამ კოდექსშივე გაწერილია ნორმები თუ რა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს აუცილებელი ძალადობა:
`თუკი ეჭვმიტანილის შეპყრობისას არსებობს ისეთი დაბრკოლება, როგორიცაა დანაშაულის კვალის წაშლა, იარაღის თავიდან მოშორება, მიმალვა, დამნაშავის მხრიდან აგრესიის საფრთხე ან სხვა მოქალაქის მძევლად აყვანა, მაშინ პირს, რომელსაც დაკავების უფლება აქვს, კანონი აძლევს უფლებას გამოიყენოს მკაცრი ზომები, მიაყენოს ჯანმრთელობისთვის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. ეს შეიძლება გამოიყენებოდეს ფიზიკური ძალადობით, მაგრამ ამას პოზიტიური გარემოება გააჩნია _ ძალის თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. 
თუ დამნაშავე არ გარბის, არ ცდილობს დამალვას, ფაქტობრივად, ნებდება, ასეთ დროს მკაცრი ღონისძიების გამოყენებას კრძალავს როგორც შიდა სახელმწიფოებრივი სამართალი, ასევე საერთაშორისო ნორმები~.  
კანონშია გაწერილი ერთი მთავარი პრინციპი, რაც უნდა ახასიათებდეს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს: სხვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების დაცვა მოსალოდნელი საფრთხეებისგან. ოპერატიული ღონისძიებები არ დაიშვება, თუ ის იწვევს ადამიანის უფლებების, ღირსების შელახვას. ამას უნდა მოერიდოს ნებისმიერი პირი, რომელსაც დაკავების უფლება გააჩნია~. 
იძულებითი ღონისძიება მარტო დაკავება არ არის. არსებობს სხვა სამძებრო ღონისძიება, მაგალითად, გამოკითხვის მეთოდი, თვალთვალი, მეთვალყურეობა, რაც საქართველოს კანონმდბლობით დაშვებულია. 
თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი მოკვდეს დაკავებისას, მაშინ ვუშვებთ გვამის შეპყრობას. ეს არის ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა, მაგრამ თუ შესაპყრობი ადამიანი გარბის, და მისგან მოდის აგრესია, მაშინ ეს აუცილებელი მოგერიების თვალსაზრისით დასაშვებია. 
თუ ანგარიშსწორების მიზნით უკანონო დაკავება ფიქსირდება, ეს ჩვეულებრივი კრიმინალია. ასეთი ფაქტის შემთხვევაში რეაგირება გამოძიების მხრიდან უნდა მოხდეს.  
დაკავებისას პირს უნდა წაასწრონ დანაშაულის ჩადენისთანავე, ან მოწმემ უნდა ამოიცნოს და მიუთითოს, რომ ეჭვმიტანილი დამნაშავეა. საპროცესო კოდექსში გაწერილია, ვის აქვს დაკავების უფლება. კუდ-ი ეჭვმიტანილის დაკავებაში, მხოლოდ საქმის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე ერთვება. 
როცა არსებობს საფრთხე იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, მაგალითად, მტკიცებულების გაქრობა, ასეთ დროს, პროკურორის ბრძანების საფუძველზე, შესაძლოა მოხდეს ჩხრეკა, ამოღება, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ეს სასამართლომ უნდა დააკანონოს.
საერთოდ, სახლის ჩხრეკა ან მტკიცებულების ამოღება მოსამართლის ბრძანების საფუძველზეა დასაშვები. 

გაზეთი # 9

18-25 ივნისი: 2009 წელი