შსს–ს აქცია მძღოლების წინააღმდეგ

суббота, 30 мая 2009 г.

საპატრულო პოლიცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს

ბათუმში, დრამატული თეატრის წინ გამართული 9 აპრილის აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა აქციიდან მეორე დღეს სახალხო დამცველის ოფისს დახმარებისთვის 18-მა ადამიანმა მიმართა. მძღოლებს, რომლებმაც ქედიდან, ხელვაჩაურიდან, ქობულეთიდან და გურიიდან საპროტესტო აქციაზე ხალხი ბათუმში ჩამოიყვანეს, პატრულმა მიკროავტობუსები ჩამოართვა. 

აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის _ გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ზოგიერთმა მძღოლმა მიკროავტობუსები საპატრულო პოლიციის საჯარიმო სადგომიდან უკვე დაიხსნა, ზოგიერთის მიკროავტობუსი კი დღემდე საჯარიმო სადგომზე დგას და მათ მეპატრონეებს სხვადასხვა მიზეზით არ უბრუნებენ. 
რომეო ანანიძე ქობულეთში #1 სამარშუტო ხაზის მძღოლია. მას მიკროავტობუსი პატრულმა 10 აპრილს ჩამოართვა: `ჯარიმა 50 ლარი, როგორც მითხრეს, იმიტომ გადავიხადე, რომ `მარშუტკა~ 12-ადგილიანია და, თურმე, 9-ადგილიანი უნდა ყოფილიყო~.
ჯემალ უსტალიშვილი, მძღოლი: `ოსეთის ნომრები მაქვს. საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა მითხრეს, ეს არ შეიძლებაო და მიკროავტობუსი საჯარიმოზე წაიყვანეს. ადრე აჭყვისთავში ვმუშაობდი მძღოლად, ამჟამად უმუშევარი ვარ. აქციის დღეს ჩემი მარშუტკა დაიქირავეს და ხალხი ჩამოვიყვანე ბათუმში. 50 ლარამდე ჯარიმა გადავიხადე და მანქანა გამომატანეს~.
მძღოლების უმეტესობა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. ფიქრობენ, რომ თუ მომხადრზე ხმამაღლა ისაუბრებენ, სამომავლოდ უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებიან:
`აქციის დღეს, 9 აპრილს, ბობოყვათის გზატკეცილზე `ატეკის~ უფროსი _ ლევან გუგუნავა მოვიდა და მითხრა, რომ ბათუმში არ წამოვსულიყავი. უკვე გზაში ვიყავი და უკან არ დავბრუნდი. აქციის მეორე დღეს პატრულმა მანქანა გაურკვეველი მიზეზით ჩამომართვა~;
`ჯერ მარშუტკა საჯარიმოდან არ გამომიყვანია, თუ ვილაპარაკებ, უფრო მეტი პრობლემა შემექმენება. ყველაფერი რომ ვთქვა, შეიცვლება რაიმე უკეთესობისკენ?~;
`მე ვტაქსაობ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად მთხოვს წასვლას. ჩემთვის მთავარია, პურის ფული გავაკეთო~; 
~9 აპრილს აქციაზე ხალხი ბათუმში ჩავიყვანე. მეორე დღეს პოლიციამ გამაჩერა, დარღვევა ვერ მიპოვეს, მაგრამ მანქანა ჩამომართვეს~;
~მითხრეს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, მაგრამ გუშინ აქციაზე რომ იყავი, ამიტომ მარშუტკა უნდა ჩამოგართვათო~;
„არ ვიცით, საპატრულოში მიდით და თემურ ფაღავასთან გაარკვიეთ რატომ გადაგვყავს მანქანები საჯარიმოზეო“.
სახალხო დამცევლის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი: ~10 აპრილს მძღოლებისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის 18 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ერთი მსუბუქი ავტომანქანა იყო, დანარჩენი _ მიკროავტობუსები. დარღვევის დროს მძღოლს პოლიციამ ადგილზე უნდა გამოუწეროს საჯარიმო ოქმი, თუ მძღოლი არ გადაიხდის ჯარიმას, ამის შემდეგ საპატრულოს უფლება აქვს საჯარიმოზე გადაიყვანოს ტრანსპორტი. მხოლოდ ერთ მძღოლს ჰქონდა გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი, დანარჩენებს საჯარიმო სამსახურმა მიღება-ჩაბარების აქტები შეუდგინა~. 
გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, 10 აპრილს საჯარიმო სადგომზე მხოლოდ 10 ავტომანქანა იყო, დანარჩენები ფასიან სადგომზე, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე ჰყავდათ გადაყვანილი: `ადგილზე დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მათ საჯარიმო სადგომის სამსახურის უფროსმა სთხოვა მანქანების ნაწილი აქ მოეთავსებინათ, რადგან საჯარიმოზე ადგილი არ იყო~.  
ჩარკვიანის ინფორმაციით, რამდენიმე მესაკუთრეს საჯარმო სადგომიდან ავტომანქანა მეორე დღეს გაატანეს, მძღოლები კი 10 ლარით დააჯარიმეს. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც მძღოლს მანქანა ჯარიმის გამოწერის გარეშე დაუბრუნეს. ორ მძღოლს მიკროავტობუსებს ამ დრომდე იმიტომ ვერ უბრუნებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ტრანსპორტს მართავდნენ, მეპატრონეებისგან მინდობილობა არ ჰქონდათ. მიკროავტობუსების იურიდიული მეპატრონეები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი _ მაკა მალაყმაძე მომხდარს კანონდარღვევად აფასებს და ამბობს: ~აჭარის საპატრულოს უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თითქოს ამ მანქანებს ტექდათვალიერება არა აქვთ გავლილი. მაგრამ რეალურად, ამ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობები აქვთ~.
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურიძე ავტომანქანების დაკავებაზე კომენტარს არც `ბათუმელებთან~ აკეთებს: `პრესსამსახურში მაიას დაუკავშირდით~. 
პრესსამსახურის წარმომადგენლმა მაია გიორგაძემ კი სამინისტროსთან დაკავშირება გვირჩია: ~მე მხოლოდ ვიდეოპატრულს ვემსახურები. სხვა არაფერი ვიცი, მიმართეთ შოთა ხიზანიშვილს~. 
შოთა ხიზანიშვილი: ~თხუთმეტ წუთში გადმომირეკეთ, ახლა ხმა ცუდად მესმის, ქუჩაში ვარ~.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, შოთა ხიზანიშვილმა ტელეფონს აღარ უპასუხა


გაზეთი #13 , 15–22 აპრილი; 2009 წელი